ჰიპერბგერითი რაკეტა ტანკის წინააღმდეგ
ახალი ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა LOSAT-ი რუსულ T-90-ის ჯავშანს კუმულაციური ქობინის გარეშე გაარღვევს
რუსი გენერლები ძალიან ამაყობენ თავიანთი ტანკების საიმედო ჯავშნით. მათ ამის საფუძველი აქვთ, რადგან შედარებით თანამედროვე Т-80УД დაТ-90С ტიპის ტანკებს მრავალშრიანი ჯავშნის გარდა, აქვთ დინამიკური დაცვის ელემენტები, რომლებიც ფანტავენ მოწინააღმდეგის ტანკსაწინააღმდეგო კუმულაციური ქობინის მიმართულ ჭავლს. თუკი ამ რუსულ ტანკებს Apeна-ს ტიპის აქტიური დაცვის სისტემასაც დაუყენებენ (ამ სისტემის რადიოლოკატორი, რომელიც ტანკის კოშკურაზე დგას, აფიქსირებს ტანკის მიმართულებით გაშვებულ რაკეტებს და მათი მიმართულებით ე.წ ანტირაკეტებს ისვრის და აფეთქებს), მაშინ ამერიკულ მართვად ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს TOW-სა და Hellfire-ს ძალიან გაუჭირდებათ რუსული ტანკების სამმაგი დაცვის (აქტიური დაცვის სისტემა, დინამიკური დაცვის კომპლექსი და მრავალშრიანი ჯავშანი) გადალახვა.
ამერიკელმა კონსტრუქტორებმა ორიგინალური გზა აირჩიეს და რუსული ტანკების სამმაგი დაცვის ერთი ხელის მოსმით დაძლევა გადაწყვიტეს.
ცნობილმა ამერიკულმა კომპანიამ Lock Heed Martin Missiles-მა შეიმუშავა პერსპექტიული ტანკსაწინააღმდეგო მობილური, სარაკეტო კომპლექსი LOSAT-ი. გარედან “ლოსატი” მცირედ მოდერნიზებული მაღალი გამავლობის “ჰამერის” შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა “ჰამერის” ჭერში ოთხი სარაკეტო გასაშვები მოწყობილობაა დამონტაჟებული, ხოლო სახურავზე ინფრაწითელი დამიზნებისა და მართვის სისტემა დგას.
ულტრათანამედროვე ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა იმით განსხვავდება აქამდე არსებულებისგან, რომ იგი თითქმის 7 ათასი კმ/სთ სიჩქარით მიფრინავს!
ეს ნიშნავს, რომ 80 კგ-იან რაკეტას მაქსიმალური 5 კმ-ზე მყოფი ტანკის დასაზიანებლად სულ რაღაც 3 წამამდე ყოფნის!
ამერიკული “ტოუ” თუ რუსული “კონკურსი” იმავე მანძილს დაფარავს 12 წმ-ზე მეტხანს ანდომებენ, რაც საკმარისია იმისთვის, რომ ტანკის ეკიპაჟმა დააფიქსიროს მისკენ გაშვებული რაკეტა და თავდაცვის ზომების მიღებაზე იზრუნოს.
გარდა ჰიპერბგერითი სიჩქარისა, ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა კიდევ ერთი “უცნაურობით” გამოირჩევა, – მას არა აქვს არავითარი კუმულაციური ან ფუგასური ქობინი, რომელიც ტროტილს შეიცავდა. ტანკის ჯავშნის გარღვევა ხდება იმ უზარმაზარი სიჩქარის წყალობით, რასაც რაკეტის სტარტის შემდეგ ძლიერი ძრავა ანიჭებს. რაკეტას თავში აქვს გრძელი ლითონის ღერო ( სავარაუდოდ, იგი გაღარიბებული ურანისაგან ან ვოლფრამისაგან უნდა იყოს დამზადებული), რომელიც არღვევს ტანკის ჯავშანს.
რუსული Т-80УД -ზე დაყენებული აქტიური დაცვის სისტემა “არენა” ვერ მოასწრებს რეაგირებას მისკენ ბგერაზე ექვსჯერ უფრო სწრაფად მფრენი რაკეტის ჩამოსაგდებად, დინამიკური დაცვის კომპლექსი “კონტაქტი-5” ასევე ნაკლებეფექტიანი იქნება ჰიპერბგერითი სიჩქარით დაჯახებული ლითონის ღეროს მოძრაობის მიმართულების შესაცვლელად ( საერთოდ, დინამიკური დაცვის სისტემა ეფექტიანია კუმულაციურქობინიანი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებისგან თავდასაცავად, თუმცა ქვეკალიბრის ჯავშანგამტარ ჭურვებს იგი ვერ იგერიებს). რჩება ტანკის მრავალშრიანი ჯავშანი, რომლის გარღვევა გაღარიბებული ურანისგან დამზადებული წაწვეტებული ღეროსთვის დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს.
შეაფასე პოსტი
/ 5. Vote count: