
გახსოვთ, ალბათ, რამდენიმე წლის წინათ, ბუში ჩვენ ქვეყანას სტუმრობდა.
საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, მეგობრობის დასტურად, საზეიმოდ გადასცა 1936 წელს ხევსურების დაწერილი წერილი, სადაც ისინი ამერიკის პრეზიდენტს დახმარებას სთხოვენ რუსებისგან თავდასაღწევად.
„ამერიკის დიდ მთავრობას ხევსურეთის წარმომადგენლების თხოვნა ჩვენი ხევსურეთის ხალხი შეწუხებულ არს ბოლშევიკებით. გვიკრძალავენ რჯულს.
უნდათ კოლხოზების გაკეთება და ბევრის ნალოგების გამორთმევა და მოდიან და ხშირად გვეუბნებიან, მაგრამ ჩვენ თანახმა არ ვართ, სანამ სრუა დავიხოცებით მთელი ხევსურეთი თანახმად არ ვიქნებით.
მართალია იარაღი არა გვაქვ მაგრამ ხმალითა და ხანჯრით უნდა ვიომოთ, მაგრამ ამერიკას გთხოვთ დიდის თხოვნით ძლიერის სახელმწიფო ხართ და მოგვეშველენით და დახმარება გაგვიწივეთ თორე ცოდო ვართ.
იმედი გვაქვს რო მოგვეშველებით, თუ გვიშველით თქვენ თუ არა ჩვენი მშველელი აღარა არი. აბა ძმებო უკანასკნელ დღეში იართ ჩვენ.
მთელი ხევსურეთის წარმომადგენლები გიგა ლიქოკელი ვ. გორგილაშვილი 23-06-36 წ.“
სინამდვილეში პრეზიდენტმა ბუშს წერილის ინგლისურენოვანი ასლი გადასცა, წერილის ორიგინალი კი უშიშროების არქივში ინახება. ინახება იმ საინტერესო და ტრაგიკულ ისტორიასთან ერთად, რომელიც წინ უძღოდა ამ წერილის დაწერას.
საიდუმლო ორგანიზაცია „ლიქოკი“
წერილის ავტორები სისხლის სამართლის საქმეში „ხალხის მტრებად“ და საიდუმლო ორგანიზაცია „ლიქოკის“ წევრებად არიან მოხსენიებული.
გიგუა ლიქოკელთან ერთად, წერილი კიდევ ორმა ადამიანმა – ღერენა და გიორგი ლიქოკელებმა შეადგინეს, ვ. გორგილაშვილი სინამდვილეში ამ წერილის ავტორი არასოდეს ყოფილა.
საქმეში წერია, რომ ისინი ბოლშევიკების წინააღმდეგ კონტრრევოლუციას ამზადებდნენ. ყველაზე ხნიერი მათ შორის ღერენა იყო, სამოცს გადაბიჯებული ნასალდათარი, რომელმაც კარგად იცოდა რუსული ენა.
ის მთელ ხევსურეთში განთქმული იყო თავისი ვაჟკაცობით, თუმცა საზარელი გარეგნობა ჰქონდა. ერთ-ერთი ბრძოლისას ღერენას ცხვირი ხმლით წაათალეს.
ასეთი შესახედაობის გამო, მისი სურათი სისხლის სამართლის საქმეში არ დევს. მიზეზიც მარტივია – ანფასში მას სურათს ვერ გადაუღებდნენ… ყველაზე ახალგაზრდა გიგუა ლიქოკელი გახლდათ. 1936 წელს, როცა ის დააპატიმრეს, მხოლოდ 35 წლის იყო.
ბოლშევიკებს ეს ადამიანები სძულდათ, რადგან ხევსურეთის ცნობილ აჯანყებას სწორედ ისინი მეთაურობდნენ, ისინი დამორჩილებას არ აპირებდნენ.
ქაქუცა ჩოლოყაშვილს ავტორიტეტით არცერთი არ ჩამოუვარდებოდა. მით უმეტეს, სამივე ხევსურეთის ცნობილი აჯანყების ლიდერი იყო. ბოლშევიკებს მათი მოხელთება იმ პერიოდში ძალიან გაუჭირდათ. 1922 წლის აჯანყებისას სამი დიდი ბრძოლა გაიმართა.
პირველი ბრძოლის შემდეგ, ხევსურებმა მთელი მეთერთმეტე არმია და მოღალატე ქართული მილიციის ჯარი გაანადგურეს. ბრძოლა ორწყალში, ბარისახოდან შვიდი კილომეტრის დაშორებით მოხდა. ამის შემდეგ კიდევ ორი ბრძოლა ჩატარდა.
მესამე ბრძოლა ძირითადად ლიქოკში, ლიქოკის ხეობაში გაიმართა. თუმცა ვერც ერთი ბრძოლისას ხევსურების ლიკვიდაცია ვერ მოხერხდა, რადგან ისინი მიუვალ კლდეებსა და ტყეებში ჩასაფრდნენ. კომუნისტები კი ცხვრის ფარასავით ერთად დახეტიალობდნენ და კარგი სამიზნეები იყვნენ.
თუმცა საბოლოოდ მაინც დაიკავეს ხევსურეთი და რამდენიმე სოფელს ცეცხლი წაუკიდეს.
მერე საავტომობილო გზა ბარისახომდე გაიყვანეს და „ინფრასტრუქტურაც განავითარეს“ – ჯერ სკოლა-ინტერნატი ააშენეს, შემდეგ – ფოსტა, მილიცია და ბოლოს დასასვენებლი სახლიც წამოჭიმეს. დასასვენებელ სახლში კი „კაგებეს“ აგენტი, ვინმე მშვენირაძე ჩაასახლეს.
ამერიკელი ტურისტები ხევსურეთში
მშვენირაძე მოვალეობის შესრულებას შეუდგა და პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობის ნდობის მოპოვება სცადა, რაც მშვენივრად გამოუვიდა. სულ მალე დასასვენებელ სახლში ამერიკელი ტურისტი ცოლ-ქმარი – გრეგოკები ჩამოვიდნენ.
ამ გადასახედიდან 1936 წელს ამერიკელი ტურისტების ხევსურეთში სტუმრობა და იქ თხილამურებით სრიალი, ალბათ, ფანტასტიკის სფეროდანაა, თუმცა ეს კარგად მოფიქრებული ხაფანგი იყო და ხევსურებმაც ადვილად დაიჯერეს.
დაიჯერეს ისიც, რომ ლიქოკში ღამეს გაათენებდა, პროფესიით ჟურნალისტი ამერიკელდა მას ეთნოგრაფიული მასალების შეგროვებაში უნდა დახმარებოდნენ.
თანაც მეორე დღეს 14 იანვარი თენდებოდა, ლიქოკში ხატობა იმართებოდა…
ენობრივი ბარიერის გამო „ამერიკელმა“ ხევსურებთან კონტაქტი ვერ დაამყარა, თარჯიმნად რუსულის მცოდნე ღერენა მიუყვანეს და პოლიტიკაზე რომ ჩამოვარდა საუბარი, უცხოელმა ისეთები შეუბერა, რომ კაპიტალიზმის არმცოდნე ხევსურებიც კი მიხვდნენ მის კომუნისტურ სულისკვეთებას.
მასხრად აიგდეს. ერთ-ერთმა მას თვალებში კერიის კოცონიდან აღებული ნაცარიც შეაყარა, მერე უთქვამს: „ძმაო, რაი გეწყინაინა, გემასხრეო…“
ძალიანაც ეწყინებოდა, თუმცა სამაგიეროს გადახდა სხვა დროისთვის გადადო. ამის დრო რომ ნამდვილად დადგებოდა, ეს კარგად იცოდა.
გრეგოკი ლიქოკში მეორედ ამაღლებაზე, აპრილში ავიდა. რაკი მისი მხოლოდ ღერენას ესმოდა, ყველაზე მეტად მას დაუახლოვდა. მესამედ ის ლიქოკს უკვე ზაფხულში ეწვია, თან ერთი „თბილისელი“ მეგობარიც ახლდა, ვინმე ილარიონი.
ღერენას წაქეზება კი არ გასჭირვებიათ, რადგან მას სისხლი და თავისუფლება ერთნაირად უყვარდა. ადვილად დაარწმუნეს, რომ ხევსურეთის თავისუფლება სავსებით რეალური იყო, თუ დახმარებას სწორედ ამერიკიდან მიიღებდნენ.
ამისთვის მხოლოდ წერილის დაწერა იყო საჭირო პრეზიდენტის სახელზე.
ხაფანგი
ცოტა ხანში გიგუა, ღერენა და გიორგი „ამერიკელს“ თბილისში ბინაზე ესტუმრნენ, სადაც ისინი კონიაკით გამოათვრეს და ნასვამები დაარწმუნეს, რომ ამერიკელები აჯანყების მოწყობაში აუცილებლად დაეხმარებოდნენ, ამისთვის კი პრეზიდენტის სახელზე წერილის დაწერაც იკმარება.
წერილში უნდა ჩამოეწერათ იმ ხალხის სია, ვინც აჯანყების შემთხვევაში მათთან ერთად დადგებოდა. მისამართზე კი „ჩეკას“ შენობა მიათითებინეს, თუმცა არც ერთმა არ იცოდა, რომ ეს ასე იყო.
დააპატიმრეს თერთმეტი ლიქოკელი, ბარისახოს მილიციის უფროსმა პირველად ქაქუცა ჩოლოყაშვილის ახლო მეგობარი – დათვია ლიქოკელი დააპატიმრა.
დათვია ტყეში იყო გავარდნილი, მან თოფით ერთი მილიციელი მოკლა და რამდენიმე დაჭრა. თუმცა მთავრობამ ხევსურეთის აჯანყების ჩახშობის შემდეგ ეს დანაშაული მას ორჯერ აპატია.
პატიების სიგელი პირველად – ბერიას, ხოლო მეორედ ფილიპე მახარაძის ბრძანებით მიიღო. მას მილიციის უფროსი ბუცაშვილიც ემეგობრებოდა.
და ისიც იცოდნენ, რომ მას საკუთარი სიცოცხლე ფეხებზე ეკიდა, მუდამ თოფით დადიოდა და ყველა მიუვალი ბილიკი ზეპირად იცოდა. ის კომუნისტებს არც სხვა ხევსურებს დაანებებდა.
ბუცაშვილმა დათვიას ღვინოში ძილის წამალი ჩაუყარა, გაკოჭა და „ჩეკაში“ ჩაიყვანა.
ღერენა, გიგუა და გიორგი კი მასხრად აიგდეს, „ამერიკელმა“ ისევ დაპატიჟა ისინი თბილისში. კვლავ კონიაკით გამოათრო და „ამერიკიდან გამოგზავნილი იარაღის“ წამოსაღებად „ჩეკა“-ში „მიიყვანა“.
საკანში ერთად შეყრილ ლიქოკელებს კი ეს სია და ამერიკაში გაგზავნილი წერილი მიუტანეს, არადა ხევსურებმა ისიც არ იცოდნენ წესიერად, რომ იმ პერიოდში ამერიკის პრეზიდენტი რუზველტი იყო.
მაშინ კი დაირტყეს გულზე ხელი საქართველოს განთავისუფლებაზე მეოცნებე ვაჟკაცებმა, ხოლო იმას, თუ რა სულელურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
საბოლოოდ მაშინ მიხვდნენ, როცა გამომძიებლად ხევსურეთში თხილამურებზე მოსრიალე და ლიქოკში ხატობაზე ნაცარნაყლაპი „ამერიკელი“ მოევლინათ. უკან არც ერთი მათგანი არ დაბრუნებულა…
ავტორი: მარიტა დამენია.
შეაფასე პოსტი
/ 5. Vote count: